ჭაბუკიანი ვახტანგ მიხეილის ძე

ვ. ჭაბუკიანი

ჭაბუკიანი ვახტანგ მიხეილის ძე(1910-1992), ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი, ბალეტმაისტერი და პედაგოგი. საქართველოს (1941) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. დაიბადა საქართველოში, ქ. თბილისში. 1922-23 წლებში სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ მ. პერინის საბალეტო სტუდიაში. 1924 წელს ჩაირიცხა ამავე თეატრის საბალეტო დასში. 1926-29 წლებში სრულყოფდა საბალეტო ოსტატობას ლენინგრადის ა. ვაგანოვას სახ. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1929-41 წლებში იყო ლენინგრადის ს. კიროვის სახ. ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის (ახლანდ. მარიას თეატრი) წამყვანი სოლისტი. ამ თეატრის სცენაზე შეასრულა მთავარი პარტიები სპექტაკლებში: ა. ბალანჩივაძის "მთების გულსა" (1938) და კრეინის "ლაურენსიაში" (1939), რომლებიც თვითონვე დადგა; ასრულებდა ბაზილის (მინკუსის "დონ კიხოტი"), ალბერტის (ადანის "ჟიზელი"), ჟერმონის (ასაფიევის "პარიზის ალი"), ასევე სოლოვიოვ-სედოის "ტარას ბულბას" და სხვ. პარტიებს. 1941-73 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს. 1968 წლამდე თვითონაც ამ დასის მოცეკვავე იყო. აქ განახორციელა დადგმები: ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1941, პირველი დადგმა 1936), გ. კილაძის "სინათლე" (1947, სსრკ სახელმწ. პრემია, 1948), დ. თორაძის "გორდა" (1949, სსრკ სახელმწ. პრემია, 1951), ა.  მაჭავარიანის "ოტელო" (1957), ს. ცინცაძის "დემონი" (1961) და სხვ. ვ. ჭაბუკიანმა თავისი სცენარის მიხედვით დადგა ფილმები: "ქართული ბალეტის ოსტატები" (1955) და "ოტელო" (1961). ვ. ჭაბუკიანმა შექმნა მამაკაცის სასცენო ცეკვის განსაკუთრებული სტილი, რომელშიც ერთმანეთს ერწყმოდა სკულპტურული სიდიადე, შინაგანი ექსპრესია და მჩქეფარე ტემპერამენტი. ვ. ჭაბუკიანი გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ (აშშ, იტალია, ლათინური ამერიკა და სხვ.); დადგა სპექტაკლები იაპონიაში, ირანში, უნგრეთში, ბულგარეთსა და სხვა ქვეყნებში. ლენინური (1958) და სსრკ (1941, 1948, 1951) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

ვ. ჭაბუკიანი თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.