მაგიდის ჩოგბურთი, სპორტის ოლიმპიური სახეობა. შეჯიბრება ტარდება ბადით გაყოფილ სპეც. მაგიდაზე ორ ან ოთხ მოთამაშეს შორის ჩოგნებითა და პატარა ბურთით. თამაშის წესების მიხედვით მოთამაშემ ჩოგნით ბურთი ისე უნდა ჩააწოდოს, რომ მაგიდის საკუთარ ნახევარზე მხოლოდ ერთხელ დაეცეს, შემდეგ კი მოწინააღმდეგის ნახევარზე დავარდეს. მოთამაშეს ქულა ენიჭება მაშინ, თუ მეტოქის ნახევარზე ბურთი ორჯერ დავარდება (რის შემდეგაც მოწინააღმდეგე ამ უკანასკნელს მეორე მოთამაშეს ვერ გაუგზავნის), მეტოქის მიერ ჩაწოდებული ბურთი მეორე მოთამაშის ნახევარზე არ დაეცემა, ასცდება მას ან ბადეს მოხვდება და კვლავ ჩამწოდებლის მხარეს დაეცემა. წყვილში თამაშის დროს ჩაწოდება ხდება ჯვარედინად, შუაზე გაყოფილი მაგიდის ფარგლებში, ბურთის მოგერიება კი მორიგეობით უნდა განხორციელდეს. პოლიეთილენის ან პლასტიკური ბურთი თეთრი ან ნარინჯისფერია, დიამეტრით – 40 მმ-ზე ოდნავ მეტი. ჩოგბურთის მაგიდის სიგრძეა 274 სმ, სიგანე – 152,5 სმ, სიმაღლე – 76 სმ, ბადის სიმაღლე – 15,2 სმ (ამავე ზომით ბადე სცდება მაგიდის კიდეებს); ჩოგნის სიგრძე – 23,5 სმ, სიგანე – 15 სმ.
თამაში გამოიგონეს XIX ს. ბოლოს ბრიტანეთში. მ. ჩ-ის საერთაშ. წესებსა და სტანდარტებს ადგენს საერთაშ. ფედერაცია (ITTF, დაარსდა 1926). ITTF-ში 227 ქვეყანაა გაწევრიანებული. სპორტული შეჯიბრების ოფიც. წესები ჩამოყალიბებულია ფედერაციის მიერ წარმოდგენილ სახელმძღვანელოში. სპორტის ეს სახეობა რამდენიმე კატეგორიით ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1988 შეიტანეს. 1988-იდან 2004-მდე მ. ჩ-ის ჩემპიონატი მამაკაცთა და ქალთა ინდივიდუალურ, მამაკაცთა და ქალთა წყვილ კატეგორიებში ტარდებოდა. 2008 წყვილთა კატეგორიები გუნდურმა შეჯიბრებამ ჩაანაცვლა.
საქართველოში მ. ჩ. XX ს. დასაწყისში გავრცელდა, მასობრივად კი ამავე საუკუნის შუა წლებიდან განვითარდა. თბილ. პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1950, ორი წლის შემდეგ კი ბათუმში მოეწყო საქართვ. პირველი ჩემპიონატი.
საქართველოდან სსრკ პირველი სპორტის ოსტატები გახდნენ რ. კუდაშვილი და ლ. იზაშვილი (ქალებში). 1954 რ. კუდაშვილის ინიციატივით თბილისში გაიხსნა მ. ჩ-ის ბავშვთა სპორტული სკოლა. სსრკ ჩემპიონატის პირველი მედლები მოიპოვეს ლ. იზაშვილმა (1958, ბრინჯაო), ს. სარხოიანმა (1966, ოქრო), თ. რამაზაშვილმა (1966, ბრინჯაო). ს. სარხოიანი არის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, სხვადასხვა თანრიგში 23-ჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონის წოდება, ასევე მრავალი მედალი საერთაშ. ტურნირებში, მ. შ. ევროპის ჩემპიონატებსა და სტუდენტთა მსოფლიო პირველობაზე. იგი საუკეთესოა საქართვ. ყველა თაობის მაგიდის ჩოგბურთელთა შორის.
საქართველოში მ. ჩ-ის ფედერაცია დაფუძნდა 1991; 1992-იდან კი იგი გახდა საერთაშ. ფედერაციისა და ევროპის მ. ჩ-ის ფედერაციის (ETTF) წევრი.