გიგაური გიორგი ხვთისოს ძე (23. V. 1928, სოფ. ბლო, ახლანდ. დუშეთის მუნიციპ.– 25. VII. 2011, თბილისი), პოეტი.
დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1953). პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1951, პირველი წიგნი „მთების სიმღერა“ – 1957. გამოქვეყნებულ კრებულთაგან აღსანიშნავია: „ჭიუხი, წვიმა და ჩანჩქერები“ (1961), „ბალადა შვიდი ხევსურისა“ (1965), „სიცოცხლე გრძელდება“ (1969), „აღსარება“ (1974), „იმედის ბილიკი“ (1976), „გზაგასაყართან“ (1980), „ხევსურეთ რა ამბავია?“ (1985) და სხვ. მის ლექსებში გაცოცხლებულია სახელოვან წინაპართა სახეები, საინტერესოდაა დახატული მთიელი ადამიანების ცხოვრება. პოეტს განსაკუთრებით ახარებს ნასოფლარების აღდგენა-აღორძინება და ჩამქრალ კერებში სიცოცხლის დაბრუნება. ვაჟა-ფშაველას სახ. ლიტ. პრემია (1994).
თხზ.: დაისის შუქი, თბ., 2006; ჩემი ზამთარი, თბ., 2008; ბოლო აღმართი, თბ., 2010.