გიორგაძე პანტელეიმონ ივანეს ძე

გიორგაძე პანტელეიმონ ივანეს ძე (17. VIII. 1925, სოფ. გორმაღალი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 3. III. 2009, თბილისი), საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1971). II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდ. კავკასიის ფრონტზე. დაამთავრა ალმა-ათის საკავალერიო სასაზღვრო სასწავლებელი (1948), სსრკ შს სამინისტროს სამხ. აკადემია (1956), სსრკ შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის სამხ. აკადემია (1969). მუშაობდა ამიერკავკ. სასაზღვრო ოლქის შტაბში, შემდეგ – აღმ. სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილედ (1969–73). 1973–76 მუშაობდა მონღოლეთში. 1976–79 იყო შუა აზიის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე, 1979–82 – ამიერკავკ. სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე. 1982–85 მუშაობდა კუბაში, 1985–87 – კვლავ მონღოლეთში. 1987–90 იყო საქართვ. სახელმწ. თავდაცვის საბჭოს მდივანი, 1991–92 – საქართვ. სასაზღვრო ჯარების სარდალი, 1992–93 – სამშვიდობო ძალების სარდალი საქართველოს მხრიდან შიდა ქართლში. 1993-იდან იყო საქართვ. ერთიანი კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი, კომუნისტურ პარტიათა კავშირის (სკკპ-ის საფუძველზე) თავ-რის მოადგილე, საბჭ. ოფიცერთა კავშირის თავ-რის მოადგილე. მიღებული აქვს სახელმწიფო, მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.

ლ. დოლიძე