გიორგაძე ნესტორ ასალოს ძე (9.I. 1901, სოფ. გუთური, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 7. VIII. 1983, თბილისი), მშენებელი, სოციალისტური შრომის გმირი (1958). 1935–38 ხელმძღვანელობდა პირველი ჩაის გადასამუშ. ფაბრიკის (ლაითური) მშენებლობასა და დაბა ლაითურის გაშენებას. შემდგომ სტალინგრადში მონაწილეობდა მცირე სიმძლავრის სატანკო ძრავების ქ-ნის მშენებლობაში. 1942-იდან კვლავ საქართველოშია. გ-ის დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსთავის მეტალ. ქ-ნის აშენებასა და თვით რუსთავ-ქალაქის განაშენიანებაში. 1946–1960 იყო ამიერკავკ. მეტალურგმშენის ტრესტის მმართველი. რკინაბეტონის ნაკეთობათა (კერძოდ, მილების) ახ. მეთოდის დამუშავებისა და დანერგვისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1951, სხვებთან ერთად). 1963, როგორც მშენებლობის მინისტრის მოადგილეს, დაევალა კურორტ ბიჭვინთაში მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელობა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.