გიორგაძე გრიგოლ გრიგოლის ძე

გ. გიორგაძე

გიორგაძე გრიგოლ გრიგოლის ძე (28. VII. 1927, ქუთაისი, – 2. IV. 2005, თბილისი), ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1993). ისტ. მეცნ. დოქტორი (1973). პროფესორი (1991), საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის ძვ. აღმ. ისტორიის განყ-ბის გამგე (1988–2005), თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის ასირიოლოგიის კათედრის გამგე. ქსე-ის ძვ. ისტორიისა და რელიგიის ისტორიის სამეცნ.-საკონსულტაციო სექციის თავ-რე. მისი კვლევის სფერო იყო ძვ. აღმოსავლეთის ისტორია, კერძოდ, ხეთოლოგია და მისი მომიჯნავე დარგები. გ-ის სამეცნ. შრომები ეძღვნება ძირითადად ხეთების სახელმწიფოს სოც.-ეკონ. ისტორიის, სახელმწიფოებრივი წყობის, მათი პოლიტ. და ეთნ. ისტორიის, ისტ. გეოგრაფიის, სამართლის საკითხებს (მისი აზრით, ხეთური საზ-ბა ადრეკლასობრივი პოლიტ. ორგანიზმია, სადაც წარმოების პროცესში არამონურთან ერთად ვითარდებოდა აგრეთვე მონური ხასიათის წარმოებითი ურთიერთობანი, თავისუფალთა და არათავისუფალთა სოც. ფენების წარმოქმნით). იკვლევდა აგრეთვე ხეთურ და ქართველურ ენათა, ხეთური და ძველი ქართული რელიგიური პანთეონის, ხეთებისა და ქართველურ ტომთა კულტ. ურთიერთობის საკითხებს.

თხზ.: ათასი ღვთაების ქვეყანა, თბ.,1988; Борьба хеттов за Северную Сирию в период Древнехеттского царства, «Вестник древней истории», 1964, №1; Очерки по социально- экономической истории Хеттского государства, Тб., 1973; Производство и применение железа в Центральной Анатолии по данным хеттских клинописных текстов, «Древний Восток», М., 1985; Неиндоевропейские этнические группы (хатты, каски) в древней Анатолии, კრ.: Разыскания по истории Абхазии, Тб., 1999; Two Forms of Non-slave Labour in Hittite Society, «Labour in the Ancient Near East», New Haven, 1987.