გოგელია გიორგი (კომანდო) ილიას ძე (6. IX. 1878, ოზურგეთი, – 21. XII. 1924, თბილისი), პოლიტიკური მოღვაწე, ანარქისტი. დაამთავრა ოზურგეთის სას. სასწავლებელი; სწავლობდა ქუთ. სას. სემინარიაში (რ-იც არ დაუმთავრებია), 1897-იდან კი – ლიონის (საფრანგეთი), შემდეგ – ლოზანის (შვეიცარია) აგრონ. სასწავლებლებში.
1917 რუს. თებ. რევოლუციამდე ძირითადად ემიგრაციაში იყო და აქტიურად მონაწილეობდა საფრ., შვეიც. და იტალ. ანარქისტულ მოძრაობაში.
1903 აგვისტოში ჟენევაში გამოსცა პირველი რუს. ანარქისტული ჟურნალი „ხლებ ი ვოლია". შესანიშნავი ორატორი და პოლემისტი, ემიგრანტულ შეკრებებზე ხშირად ანარქისტული პოზიციებიდან ეკამათებოდა გ. პლეხანოვს, ვ. ჩერნოვსა და რუს. რევ. მოძრაობის სხვა ავტორიტეტებს. რევ. წრეებში გ. უფრო „ორგეიანის" ფსევდონიმით იყო ცნობილი.
1905 რევ. დროს გ. ვ. ჩერქეზიშვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მისი თაოსნობითა და მონაწილეობით თბილისში გამოვიდა რამდენიმე ანარქისტული ჟურნალ-გაზეთი („მუშა", „ნობათი, „ხმა", „ქარიშხალი", „ცის ნამი"). გ-ს და ვ. ჩერქეზიშვილის საქართველოში მოღვაწეობამ განაპირობა ის, რომ თბილისი იქცა რუს. იმპერიაში ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთ ინტელექტუალურ ცენტრად. გ. იყო საუკუნის დასაწყისში დას. ევროპაში წარმოქმნილი, მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების – ანარქო-სინდიკალიზმის – ფუძემდებელი რუსეთის იმპერიაში. გ-მ პ. კროპოტკინის წინასიტყვაობით გამოსცა წიგნი „როგორ და რისგან განვითარდა რევოლუციური სინდიკალიზმი". ამავე პერიოდში რუს. ენაზე გამოიცა მისი წიგნი – „რევოლუცია და რევოლუციონური მთავრობა", რ-ითაც იგი ასაბუთებდა ცენტრალისტური სახელმწიფოს ანტიჰუმანურ ბუნებას. რევ. დამარცხების შემდეგ გ. კვლავ ემიგრაციაში იყო და აქტიურად მონაწილეობდა საერთაშ. და ევრ. მასშტაბის კონგრესებში, შეკრებებში, შედიოდა პარიზში გამომავალი რუს. ანარქისტული ორგანოს „ბურევესტნიკის" რედკოლეგიაში, აქვეყნებდა წერილებს ევრ. პრესაში. გ-ის ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართვ. ეროვნ.-პოლიტ. მოძრაობასთან, განსაკუთრებით სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიასთან.
1904 აქტ. მონაწილეობა მიიღო ქართ. პოლიტ. ფრაქციების ჟენევაში გამართულ ინტერპარტიულ კონფერენციაზე. გ-ს, როგორც მარქსისტული ცენტრალიზმის სასტიკი მოწინააღმდეგის, პოლიტ. იდეალი იყო ხალხებისა და ერების ნებაყოფლობითი გაერთიანება ფედერალიზმის საფუძველზე „მსოფლიოს თავისუფალ ფედერაციაში", რ-იც მისი სიტყვებით, ყველაზე უფრო შეეფერებოდა „ჩვენი ხალხის ცხარ, გულად და ცოცხალ ხასიათს".
1908 თბილისში გამოვიდა წიგნი „კრიტიკა სოციალ-ფედერალიზმისა და კრიტიკა სოციალ-დემოკრატიისა", რ-ის ერთი ნაწილის ავტორია გ., ხოლო მეორე ნაწილის – მისი ძმა შ. გოგელია . გ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში თბილისში ცხოვრობდა.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
დ. შველიძე