გიორგი I (გ. 1392), იმერეთის მეფე 1389–92, ბაგრატ I ერისთავის ძე. გ. I-ის გამეფების დროს იმერეთის, მ. შ. ქუთაისის, ზოგიერთი ციხესიმაგრე, ჯერ კიდევ საქართვ. მეფეს ბაგრატ V-სა და მის მემკვიდრეს – გიორგის ეჭირათ. გურიის, ოდიშისა და სხვა მთავრებიც მათ მხარეზე იყვნენ და გ. I-ის მეფობას არ ცნობდნენ. გ. I-მა მოახერხა აღნიშნულ ციხესიმაგრეთა დაკავება. 1390 გ. I-მა აფხ. (დას. საქართველო) კათოლიკოსად არსენი დასვა და ამით სას. ფეოდალთა წრეშიც დასაყრდენი გაიჩინა. 1392 ოდიშის მთავრის ვამეყ I დადიანის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა, თვითონაც ამ ბრძოლაში დაიღუპა.
წყარო : ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ბ რ ო ს ე მ., საქართველოს ისტორია, ნაწ. 2, თარგმ. ს. ღოღობერიძისა, ტფ., 1900.
ო. სოსელია