გიგინეიშვილი მიხეილ სამსონის ძე (26. XII, 1910, სამტრედია, – 3. II. 1998, თბილისი), მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1947). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987). 1933 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი და იქვე დაიწყო მუშაობა სამკურნ. ფაკ-ტის მეანობა-გინეკოლ. კათედრაზე. 1964–70 იყო ამ კათედრის პროფესორი, 1970–83 – კათედრის გამგე (1983-იდან – კონსულტანტი). 1972-იდან თბილ. მეან-გინეკოლოგთა საზ-ბის თავ-რე. გ. შეისწავლიდა ქალის სასქესო ორგანოების კიბოს, ექსპერიმენტულად აქვს გამოკვლეული სამშობიარო აქტის მექანიზმი, ორსულთა სისხლის შრატში არსებული სასქესო ჰორმონები, მათთან დაკავშირებულ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გავლენა საშვილოსნოს ნერვულ-კუნთოვან სისტემაზე და სხვ. სახელმძღვანელოებისათვის „მეანობა“ (1983) და „გინეკოლოგია“ (1987, თანაავტორი მ. მ. გიგინეიშვილი) 1989 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ქალის სასქესო ორგანოების კიბო, თბ., 1952; მშობიარობის დაწყების ფაქტორები, თბ., 1969.