გიეში, ავშანი|ავშნის გვარის მცენარეთა ორი სახეობის– კავკასიური გ-ისა (Artemisia caucasica) და ბრჭყვიალა გ-ის (A. splendens) სახელწოდება. ორივე სახეობას. მარტივი, სუსტად შეფოთლილი, 10–30 სმ სიმაღლის ღერო და ვერტიკალურად ჩაზრდილი მსხვილი დატოტვილი ფესვები აქვს. ახალგაზრდა უნაყოფო, ხშირად შეფოთლილი ყლორტები მიწაზე გართხმულ მკვრივ კორდს ქმნის. სანაყოფე ყლორტი რამდენიმე ან ბევრია. ვერცხლისფერი ხშირი ხავერდოვანი ბუსუსი დეკორ. იერს აძლევს ამ მცენარეს. კავკასიური გ-ის ყვავილედი ზარისებრი და პატარაა, ბრჭყვიალა გ-ისა – ნახევარსფეროსებრი და უფრო დიდი. კავკასიური გ. იზრდება ქართლში, მთის ქვემო სარტყელში, ხრიოკებზე და მშრალ ადგილებში, ბრჭყვიალა გ. – მთა-თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის და სხვ. სუბალპ. და ალპ. სარტყელში; კავკასიის ენდემია. ღორღიანებისა და კლდის დამკორდებელი მცენარეებია და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვთ.
შ. ნახუცრიშვილი