გიგოშვილი იზა შალვას ასული

ი. გიგოშვილი

გიგოშვილი იზა შალვას ასული (დ. 16. II. 1938, თბილისი, – 17. I. 2003, იქვე), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1981).

სსრკ სახელმწ. პრემია და შოთა რუსთაველის სახ. პრემიების ლაურეატი (1979). 1963 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იყო რუსთაველის (1963– 67; 1969– 97) და მარჯანიშვილის (1967– 69) თეატრების მსახიობი. გ-ის თამაში გამოირჩეოდა სინატიფით, განსაკუთრებულად დახვეწილი პლასტიკით, მოხდენილობითა და გარდასახვის უნარით. შექმნა მომხიბლავი და გულწრფელობით აღსავსე შეუპოვარ ქალთა სახეები: ძაბული (კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), კაბილა (ა. დე მიუსეს „სიყვარული სახუმარო არ არის“), ჰერმია (უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“), ქსენია (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), ნატო (ა. ჩხაიძის „ხიდი“), გრუშე ვაჩნაძე (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, სსრკ სახელმწ. პრემია), ზიტა (გ. ლესინგის „ნათან ბრძენი“), შუშანიკი (იაკობ ცურტაველის „შუშანიკის მარტვილობა“), თამარი (კ. გოლდონის „მშვენიერი ქართველი ქალი“) და სხვ.

1997 დააარსა სამეფო უბნის თეატრი, რ-საც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღანელობდა.

შეასრულა შემდეგი კინოროლები: გადაღებულია ფილმებში: ირმა („ანარეკლი“; რეჟ. ო. აბესაძე, 1974), ბუდარიხა („დათა თუთაშხია“, რეჟ-ები: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), მარგო („მარადისობის კანონი“, რეჟ. ვ. კვაჭაძე, 1982), მგზავრი („ქართველები ცაში“, რეჟ. ო. გვასალია; 1984); გადაღებულია ასევე ფილმებში: „ქერათმიანი ქალიშვილი“ (რეჟ. დ. ბათიაშვილი, 1968), „ამაღლება“ (რეჟ. ნ. მანაგაძე, 1977), „მთის ნოველა“, „მე დავბრუნდები“ და (რეჟ. მ. თავაძე, 1979), „ხვეული კიბით“ (სამივე რეჟ. მ. თავაძე, 1979, 1982, 2001), „თვინიერი“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი, 1992) და სხვა. მონაწილეობდა სატელევიზიო დადგმებში.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შ. ცუცქირიძე