გიგინეიშვილი კონა მოსეს ძე (6. V. 1902, ქუთაისი, – 7. I. 1976, თბილისი), ფილოლოგი, ენათმეცნიერი. დაამთავრა ქუთ. ქართ. გიმნაზია (1920) და თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1929). 1921–24 მასწავლებლობდა სოფ. ნიგვზიანის (ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპ.), ხოლო 1929–39 ბათ. სხვადასხვა სკოლაში. თსუ-ის ასპირანტურის დამთავრების (1942) შემდეგ პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ბათ. პედ. ინ-ტში (1942–54), იყო ქართ. ენის კათედრის გამგე. პარალელურად ლექციებს კითხულობდა ქუთ. პედაგოგიურ, თბილ. თეატრალურ და უცხო ენათა ინ-ტებში. 1954–66 გ. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის სამეცნ. ტერმინოლოგიის განყ-ბის მეცნ. თანამშრომლად. როგორც სარედაქციო კომისიის წევრი და რედაქტორი იგი მონაწილეობდა დარგობრივი (ტექ., მეტალ., ფიზ., ელექტრონიკის, სას.-სამ., იურიდ., გეოგრ. და სხვ.) სამეცნ. ტერმინოლოგიების შემუშავებაში.
1966-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ქართ. ენციკლოპედიის სალიტ. კონტროლის რედაქციაში უფროს სამეცნ. რედაქტორად და სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელად. აქ მან დიდი წვლილი შეიტანა ენობრივი, ტერმინოლოგიური კითხვების გადაწყვეტაში, უცხოურ სახელთა ქართ. დაწერილობის დადგენაში და სხვ. გ-მა შეიმუშავა ბერძნ. და ლათ. საკუთარი (პირთა და გეოგრ.) სახელების ქართულად გადმოცემის წესები, რ-ებიც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილ ბერძნ. და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს (გამოიცა 1985, აღიარებულია ნორმატიულ სახელმძღვანელოდ).
გ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: გიორგი ერისთავის კომედიების ენა,«ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედ. ინ-ტის შრომები», 1950, ტ. 1; ბრძანებითი კილო ძველ და ახალ ქართულში (ხელნაწერი; თეზისები გამოქვეყნდა); ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985; Из истории грузинской грамматической терминологии, კრ.: Вопросы терминологии (Материалы Всесоюзного терминологического совещания), М., 1961.
ნ. გიოშვილი