გიგიას სათიბის სამაროვანი

გიგიას სათიბის სამაროვანი, ადრინდელი შუა საუკუნეების დასასრულის (IX ს.) ძეგლი დარიალის ხეობაში, მდ. თერგის მარჯვ. ნაპირას, სოფ. ლარსის მახლობლად (ყაზბეგის მუნიციპ.). არქეოლ. შესწავლა მიმდინარეობდა 1966 (ხელმძღვ. ლ. წითლანაძე) და 1972 (ხელმძღვ. გ. ღამბაშიძე). გამოვლენილია ორფენიანი სამაროვანი. მიცვალებულები ესვენენ გაშოტილი ან მოკრუნჩხული, თავით აღმ-კენ. სამარხები ინდივიდუალურია. ზოგ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სამაჯურები და ბეჭდები, ვერცხლის სარკეები და სასაფეთქლე რგოლები, მინის ბეჭდები და ჭურჭელი, რკინის დანა, არაბულწარწერიანი მონეტა.

მოპოვებული მასალა ჩრდ. კავკასიის და ქართლის ანალოგიური მასალის მსგავსია.

ლიტ.: ჟინვალის არქეოლოგიური მუშაობის ანგარიში, წგ.: საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1972 წელს, თბ., 1974.

ლ. წითლანაძე