გვირგვინი

გვირგვინი, 1. მონარქიული ხელისუფლების სიმბოლო – ძვირფასი ლითონისაგან (უმთავრესად ოქროსაგან) დამზადებული, პატიოსანი თვლებით მოოჭვილი თავსამკაული. გ-ს ძვ. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოყვანილობა ჰქონდა. მისი ფორმა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. გ. მეფობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო იყო. ამიტომ მეფეს „გვირგვინოსანს“ უწოდებდნენ. 2. ჯვრიან-ფოჩებიანი საქორწინო რკალისებრი სამკაული, რ-საც ჯვრისწერის დროს თავზე ადგამდნენ დასაქორწინებელ ქალ-ვაჟს (ნეფე-დედოფალს).

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7), გვ. 149–157.