„ახალგაზრდა ივერიელი“

„ახალგაზრდა ივერიელი“

„ახალგაზრდა ივერიელი“, საქართველოს ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის, საქართველოს კომკავშირის ცეკასა და თბილისის კომიტეტის, საქართველოს ალკკ ცეკას, საქართველოს ახალგაზრდობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავისუფალი ორგანო. გამოდის 1921 წლის 13 აგვისტოდან. „ა.ი-ის“ წინამორბედები იყვნენ ქუთაისის ახალგაზრდა კომუნისტთა ორგანიზაცია  „სპარტაკში“ გაერთიანებული  გაზეთები: „მესამე ინტერნაციონალი“ და „ახალგაზრდა კომუნისტი“ (1918 ორივე გამოვიდა თითო ნომერი), რ-თაც ჰყავდათ ერთი გამომცემელი (ს. ჩიხლაძე). „ა.ი-ს“ რამდენჯერმე შეეცვალა სახელი. თავდაპირველად ეწოდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტი“ (1921; გამოვიდა ერთი ნომერი), „სპარტაკი“ (1922-25), „ახალგაზრდა კომუნისტი“ (1925-90), „ახალგაზრდა ივერიელი“ (1990-2007)). სხვადასხვა დროს „ა.ი-ის“ რედაქტორები იყვნენ: კ. გორდელაძე (1922-24), გ. ძიგრაშვილი (1924-25), შ. ანდღულაძე (1926-28), გ. ჯავახიძე (1928-29), ა. მახათაძე (1929-30), დ. ვოლსკი (1930-31), ა. მგელაძე (1931), ვ. მიქაძე (1931-32), კ. ჩარკვიანი (1932-33), ე. ენუქიძე (1933-34), ვ. დევიძე (1934-35), ს. აბულაძე (1936), მ. ცქვიტინიძე (1936-37), შ. მთვრალაშვილი (1937), ა. მირცხულავა (1938-39), დ. მჭედლიშვილი (1939-1941), გ. ფირცხალავა (1941-48), შ. გაგოშიძე (1948-53), გ. ვარდოსანიძე (1953), მ. კაკაბაძე (1953-55), გ. გელაშვილი (1955-71), ა. სანებლიძე (1971-74), ჯ. ნინუა (1974-82), რ. ბალანჩივაძე (1982-84), პ. ნაცვლიშვილი (1985-88), მ. ბალარჯიშვილი (1988-91), ზ. ხოზბერიძე (1991), მ. ბალარჯიშვილი (1992-97), გ. გობეჩია (1997-2007).

     „ა.ი“ გამოდიოდა ქართულ ენაზე კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ, დროგამოშვებით კი  — ოთხგვერდიანი. მე-10 ნომრიდან მისმა გამოცემამ სისტემატური ხასიათი მიიღო და სხვადასხვა პერიოდულობით გამოდიოდა (1924 — კვირაში ორჯერ, (1925 — ყოველდღიურად, 1927-28 — ისევ ორჯერ , 1929 — სამჯერ, 1930 — ყოველდღიურად, II მსოფ. ომის შემდეგ — სამჯერ, ზოგ შემთხვევაში — ორჯერ, 1990-2007 კი — წყვეტილად). თავიდან 100 ცალად იბეჭდებოდა, თუმცა ტირაჟი არ იყო განსაზღვრული და  იბეჭდებოდა იმ ოდენობით, რ-საც უჩვენებდა რედაქცია (მე-10 ნომრიდან — 1000, ხოლო შემდეგ მერყეობდა 1000-დან 3000-მდე). რიგდებოდა უფასოდ კომკავშირელთა შორის.

 ა.ი.  თავდაპირველად მოიაზრებოდა ახალგაზრდობაზე საბჭოთა იდეოლოგიური ზემოქმედების საშუალებად, თუმცა ზოგჯერ მცირე გადახვევებიც ხდებოდა. II მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც რედაქციაში მოვიდა ჟურნალისტთა ახალი თაობა, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ამ პერიოდში ფართოდ იბეჭდება უფროსი თუ მომდევნო თაობის ქართველ მეცნიერთა, ისტორიკოსთა, მწერალთა პოეტური და პროზაული ნაწარმოებები (გ. ტაბიძე, გ. აბაშიძე, ი. აბაშიძე, მ. მაჭავარიანი, მ. ლებანიძე, რ. მეტრეველი და სხვ.); ქვეყნდება საინტერესო წერილები ქართული კინოს, თეატრის, მხატვრობის, ოპერის, სპორტის წარმომადგენელთა შესახებ.

   XX ს-ის 80-იანი წლების II ნახ-ში კვლავაც გაგრძელდა II მსოფლიო ომის შემდგომი თაობის ჟურნალისტთა საუკეთესო ტრადიციები. ამასთანავე ახალმა რედაქტორმა (მ. ბალარჯიშვილი) ფართოდ გაუღო კარი მეცნიერების, მწერლობის, თეატრის, კინოს, სპორტის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს. 1988-89 გაზეთი ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

    XX ს-ის 90-იანი წლებიდან „ა.ი“ ფინანსური პრობლემების გამო  გარკვეული ინტერ­ვალებით გამოდიოდა, 2008-იდან  კი  არსებობა შეწყვიტა.

                                                                                                                                    ა. კოხრეიძე