აბაზგების აჯანყება 550, აჯანყება ბიზანტიელების წინააღმდეგ, რომლის უშუალო საბაბი გახდა ბიზანტიელთა მიერ აბაზგიაში მმართველობის ახალი წესების შემოღება და ქვეყნის საბოლოო დამორჩილების მცდელობა. პროკოპი კესარიელის სიტყვებით, „ამ ძალადობის გამო აბაზგები პირდაპირ აუტანელ მდოგმარეობაში ჩავარდნენ... და რომ არ გადაქცეულიყვნენ რომაელთა მონებად“, აჯანყდნენ, კვლავ აირჩიეს საკუთარი მთავრები (დას. აბაზგიაში – სკეპარნა, აღმ. აბაზგიაში – ოფსიტე) და ირანის შაჰს სთხოვეს დახმარება. ხოსრო ანუშირვანმა აჯანყებულებს ლაშქარი მიაშველა, მაგრამ ამ დახმარებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ბიზანტიის დამსჯელმა ლაშქარმა ალყა შემოარტყა აბაზგებს, რ-ებიც ტრაქეის მიუვალ ციხეში იყვნენ გამაგრებული. თავგანწირული ბრძოლის შემდეგ აბაზგები იძულებული გახდნენ ციხე დაეთმოთ. მტერმა მოაოხრა დაპყრობილი მიწა-წყალი. აბაზგია კვლავ ბიზანტიას დაემორჩილა.
წყარო: პროკოპი კესარიელი. De bello gothico, წგ: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილი გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ა. ბოგვერაძე