გობისცხვირა

გობისცხვირა (Prunella) მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი დაბალი ბალახი საპირისპიროდ განლაგებული მთლიანი ან დაკბილული, ზოგჯერ განკვეთილი ფოთლებით. მათი იისფერი, მეწამული, თეთრი ან მოყვითალო ყვავილები შეკრებილია ჩხროებად, რ-ებიც თავის მხრივ თავმოყრილია თავთავისებრ ყვავილედებში. გ-ს 15-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ევროპაში.

საქართველოში ამ გვარის 3 სახეობაა. მათგან P. grandiflora მხოლოდ ქართლსა და აჭარაში იზრდება, ხოლო P. vulgaris და P. laciniata - თითქმის მთელ საქართველოში. პირველი გვხვდება ტყეებში და ტყის პირას, ბუჩქნარებში, სუბალპ. მდელოებზე, მდინარეთა ნაპირებზე და გზის პირას, ხოლო როგორც სარეველა – ნათესებში; მეორე – იზრდება მდელოებზე, ტყის პირას. თაფლოვანი და სამკურნ. მცენარეა. იყენებენ ხალხ. მედიცინაში.

მ. გურგენიძე

გობისცხვირა. დიდყვავილა გობისცხვირა (Prunella grandiflora).

 

გობისცხვირა. ჩვეულებრივი გობისცხვირა (Prunella vulgaris).

 

გობისცხვირა. გაპობილი გობისცხვირა (Prunella laciniata).