გლუნჩაძე ვახტანგ სამსონის ძე (23. VI. 1925, თბილისი, – 2. I. 2006, იქვე), მომღერალი (ტენორი). საქართვ. დამს. არტისტი (1967).
ქართ. საოპერო ხელოვნებაში მოვიდა მხატვრული თვითმოქმედებიდან. 1953–60 მღეროდა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდში. 1960–70 იყო ამავე თეატრის სოლისტი, ხოლო 1970–77 – ქუთ. საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი. წარმატებით ასრულებდა ტენორის მთ. პარტიებს ზ. ფალიაშვილის („დაისი" და „აბესალომ და ეთერი"), ო. თაქთაქიშვილის („მინდია", „სამი ნოველა"), ს. ცინცაძის („განდეგილი"), ა. კერესელიძის („ბაში-აჩუკი"), ჟ. ბიზეს („კარმენი", „მარგალიტის მაძიებლები"), ჯ. ვერდის („ტრუბადური"), ჯ. პუჩინის („ტოსკა"), პ. მასკანის („სოფლური ღირსება"), გ. დონიცეტის („ლუჩია დი ლამერმური"), მ. გლინკას („რუსლან და ლიუდმილა"), ს. რახმანინოვის („ალეკო") და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში. ასრულებდა ქართვ. კომპოზიტორთა რომანსებსა და სიმღერებს.