გინჩი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მთიან დაღესტანში, მდ. გიდერილორის ნაპირას (ხუტორი გინჩი, შამილსკოეს რნი).
გაითხარა 1956–63 (მ. პიკული, ჟ. ატაევი, ე. კოტოვიჩი, ა. ჰაჯიევი და მ. ჰაჯიევი). ენეოლითური ნასოფლარი დაცული იყო ფლატეებითა და ზოგან 1 მ სისქისქვის კედლებით. გათხარეს ნატეხი და რიყის ქვისაგან მშრალი წყობით ნაგები ოთხკუთხა შენობების ნაშთები. თიხატკეპნილ იატაკზე გამართული იყო ღია კერები, ხოლო სანოვაგის შესანახად იატაკში ჩაჭრილი იყო მცირე ზომის ხაროები. იატაკქვეშ აღმოჩნდა სამარხები, რაც წინააზიური გავლენის შედეგი უნდა იყოს.
აღმოჩენილი კერამიკა 2 სახისაა: ადგილობრივი და იმპორტული. აღნიშნული ენეოლითური ფენა ზოგადად ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება და წინააზიური კულტურის გავლენის გავრცელების უკიდურესი ჩრდ. პუნქტია.
ნასოფლარის II ფენა ეკუთვნის მტკვარ-არაქსის კულტურის ჩრდ.აღმ. ლოკალურ ვარიანტს (ძვ. წ. III ათასწლ.). ნასოფლარი დაზიანებულია ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ. სამარხებით, რაც გ-ის III კულტ. ფენას ქმნის. გათხრილია 15 დიდი და 2 პატარა აკლდამა, 15 სამარხი თიხის დერგებში. აკლდამები მომრგვალო და ოთხკუთხაა, ნაგებია მშრალი წყობით, გადახურულია ქვის დიდი ფილებით. აკლდამებში კოლექტიურად კრძალავდნენ მოზრდილებს. პატარა აკლდამები მოზარდთა ინდივიდ. სამარხები იყო, ხოლო დერგებში ჩვილ ბავშვებს მარხავდნენ. სამარხეული ინვენტარიდან აღსანიშნავია კერამიკა; ქვის, ძვლისა და ლითონის სამკაული; შრომისა და საბრძოლო იარაღი.
ლიტ.: Гаджиев М. Г., Новые данные о южных связях Дагестана в IV–III тысячелетиях до н. э., «Крат кие сообщения о докладах и полевых исследованиях инта археологии АН СССР», 1966, в. 108; მისივე, Из истории культуры Дагестана в эпоху бронзы (могильник Гинчи), Махачкала, 1969; История Дагестана, т.1, М.,1967.
თ. კიღურაძე